top of page
Writer's pictureCEO Darina Mikeladze

ზაზა მესხის გარდაცვალებას ეხმაურება გერმანელი ემიგრანტი მარი მეგრელი

არის უსამართლობა, რომელიც გინგრევს სამყაროს და ყველა გარიგებას ამ სამყაროსთან. ასეთია ზაზა მესხის, მისი უსაყვარლესი ალინას და მისი მზებიჭების ამბავი. არის ამბები, რომლის მერე ვეღარ გაგრძელდება ცხოვრება ისეთი, როგორიც იყო. ისიც კი არ იცი, როდის შეძლებ ამ ნამსხვრევების შეკოწიწებას, სამყაროსთან და ღმერთთან ზავის დადებას და ასე ღრმად გაბზარული ცხოვრების გაგრძელებას.

ღმერთთან ზავი აღარ მჭირდება, რადგან მის ძებნას შევეშვი. არის სივრცეები, რომლებიც ყველანაირად დაცლილები არიან ღვთისგანაც და ყველა კეთილი სულისგანაც. ასეთი გახდა ეს ქვეყანა სამწუხაროდ- არ გპატიობს მის სიყვარულს, გკლავს და გახრჩობს, კლავს და ახრჩობს მთელს შენს გარემოცვასაც. მძიმე ხვედრად იქცა ამ ქვეყნის სიყვარული.

ზაზა იყო ამაყი ქართველი. სისხლით და ხორცით... და ცხოვრებით, გადაწყვეტილებებით...

ჭყინტი ჩამოსული იყო ლონდონში, რომ მე, მეორე ჭყინტ ჩამოსულს, გერმანიაში მომაგნო და დავალებებით დამხუნძლა, რა უნდა გვეკეთებინა ჩაბნელებული სამშობლოსთვის...

თანამოაზრეობამ რამოდენიმე წლის წინ კიდევ ერთხელ დაგვამეგობრა და უკვე წლებია, რაც ყველა ჩვენი საქმეების და სიგიჟეების თანამონაწილეა. ზაზას უზომოდ უყვარდა თავისი შვილები, თავისი ალინა, თავისი ცხოვრება, ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ თავის თავისგან იშვიათად კარგი პროდუქტი შეექმნა- კარგი პიროვნება, კარგი მამა, კარგი ქართველი, კარგი მეგობარი და კარგი პროფესიონალი...

ალინა სულ რაღაც 28 წლის იყო, ერთადერთი შვილი თავის მშობლების, ალინასაც ერთადერთი შვილი ჰყავდა..

ზაზა და მისი საყვარელი ადამიანები ახლა ისევ თავიანთ ლამაზ, მწვანე, დიდ სახლში იქნებოდნენ ჰოლანდიაში, ძალიან მარტივი რამ -განგაშის სირენა რომ ჩართულიყო.

ამდენი ჩამქრალი სიცოცხლე და დამსხვრეული, ჩრდილად ქცეული ადამიანები...

მე მაპატიეთ, რომ პასუხებს ვითხოვ და ამას ყველანაირი ბოდიშის გარეშე.

მე მაპატიეთ, რომ ვერ ვემშვიდობები "ნათელში იყავი"- თ. ეს უკანასკნელი მათ არა, მხოლოდ ჩვენ გვჭირდება, რომ დავამთავროთ და გავნაგრძოთ ცხოვრება. არადა, ასე აღარ გრძელდება, არ შეიძლება გაგრძელდეს...

Zaza Meskhi, მე შენ არ გემშვიდობები, სანამ არ შესრულდება შენი სურვილი - დადგეს სანმართალი თქვენი ყველას სიცოცხლის, სიყვარულის, მომავლის მოსპობისთვის. მანამდე ვერც შენი სული იქნება მშვიდად, ამაშიც დარწმუნებული ვარ....

შენი მეგობრები და თანამოაზრეები ვეცდებით ჩვენი გზა მაინც ჩვენთან ერთად ვიაროთ ❤


ზაზა მესხი ქართველი ემიგრანტი, ჰოლანდიის მოქალაქე; ქართველები საქართველო ამბები
ზაზა მესხი, ქართველი ემიგრანტი, ჰოლანდიის მოქალაქე; დაიღუპა შოვში 3 შვილთან და მეუღლესთან ერთად

5 views0 comments
bottom of page