ნიკა გვარამია ამრეზით რომ უყურებს აფხაზთა კრებას, არახალია. რაიმე განსაკუთრებული საბაბი ამისთვის მას არასოდეს ჰქონია, მაგრამ ჩვენი არსებობის 10 წლის მანძილზე არც პირადად და არც საჯაროდ არ შეგვხმიანებია. ვეჭვობდი, რომ ჩვენთან იდეური შეუთავსებლობა ჰქონდა სახელწოდებიდან დაწყებული და ბევრი სხვა რამით გაგრძელებული. რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებაა, თუნდაც გემოვნების საკითხია და არაფერი გვითქვამს, თუმცა ადამიანურად თანამემამულეების ასეთი დემონსტრაციული იგნორირება გულდასაწყვეტი იყო. რაღაც დროს ეს კვანძი თავისთავად გაიხსნებოდა და ასეც მოხდა ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ტელეკომპანია ,,კავკასიის“ ეთერში მან პრაქტიკულად პირველად ისაუბრა აფხაზეთის პრობლემის მისეულ ხედვაზე. პირდაპირ და გაჭრილად რომ ვთქვათ, რესპოდენტი წარმოგვიდგა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისათვის მეტად საზიანო სენტენციებით, კავკასიაში მიმდინარე მოვლენების არაკვალიფიციური ანალიზითა და უკრაინასთან პარალელების ღრმად არასწორი, შეიძლება ითქვას, რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩაბმული ქვეყნის დამცველთა შეურაცხყოფით, გასაოცარი უსულგულობით საკუთარი 300 000 დევნილი თანამოქალაქისადმი.
ბ-ნმა გვარამიამ დაიწყო იქიდან, რომ აღფრთოვანებულია სომხეთის პრემიერი ფაშინიანით, რომელმაც აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად, ამით მოიცილა კიბო, რომელიც ხელს უშლიდა სომხეთს განვითარებასა და წინსვლაში. ერთი შეხედვით, გაუგებარია აფხაზეთის კონტექსტში ფაშინიანის აპოლოგია რა სახსენებილი იყო და რა კავშირშია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან. სომხეთი აზერბაიჯანში იყო აგრესორი, იყო და არის რუსეთის მოკავშირე. არც პირველი და არც მეორე პრემიერ-მინისტრობის დროს ფაშინიანს არ დაუყენებია გიუმრის ბაზის გატანის, არც დსთ-სა და ე.წ.კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის დატოვების საკითხი, სადაც საკმაოდ მყარად არის წარმოდგენილი რუსეთთან ერთად. აზერბაიჯანმა სომხეთთან ომით აღადგინა იურისდიქცია ყარაბაღზე და სომხეთისგან ამის აღიარება სამშვიდობო შეთანხმებით იყო იძულებითი ნაბიჯი, შეუქცევადად წაგებული ომის შედეგების დადასტურება.
ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სამომავლო პერსპექტივის კონტექსტში აზერბაიჯანის მოქმედებეზე ესაუბრა, სწორედ აქ ეძია ძალიან ცხადი და აშკარა პარალელები, რაც მხოლოდ აზერბაიჯანში არ მომხდარა (მაგ.ხორვატიაში სერბსკა კრაინასთან მიმართებით), ყურადღება გაემახვილებინა ამ უაღრესად საინტერესო პრეცედენტზე და საჭირო გამოცდილებაზე, მიადგა სომხეთს და მაგალითად სწორედ მისი მოქმედებები მოგვიყვანა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა იძულებითი კაპიტულაცია. ფაშინიანით აღტკინება შემთხვევითი წამოცდენა არ უნდა იყოს. ამ გადაცემაში არცთუ ორაზროვნად გამოჩნდა, რომ ბ-ნ გვარამიას აფხაზეთისთვის მოდელად არსობრივად სწორედ იძულებითი კაპიტულაციას, აფხაზეთის და საქართველოს თანაბარსუბიექტიანობას, ანუ ფაქტობრივად აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს.
თავიდანვე კატასტროფულ დებულებას გვთავაზობს ბ-ნი გვარამია. თურმე უნდა თავი დავანებოთ ტრამვულ წარსულს, არ გვჭირდება ისტორიულ მეხსიერებასთან ჩხიკინი, რაც სომხეთივით განვითარებაში ხელს გვიშლის. უფრო მეტიც, დავბლოკოთ ეს მეხსიერება. რესპოდენტი იურისტია და ეცოდინება, რომ დანაშაული კი არ უნდა დავივიწყოთ, არამედ გამოძიებულ იქნეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მსხვერპლმა უნდა მიიღოს მორალური და მატერიალური დაკმაყოფილება და აღუდგეს დარღვეული უფლებები. ამას სხვა ყველაფერთან ერთად, პრევენციული ხასიათი აქვს, რომ არ განმეორდეს. ეს ხომ ანბანური ჭეშმარიტებებია. ამასთან, დანაშაულის დაფარვა ანუ ,,დაბლოკვა“ ასევე დანაშაულია, ხოლო თავად დანაშაული კი საკაცობრიოა, რომელზედაც არც ხანდაზმულობა ვრელდება და არც ამნისტია: აგრესიის დანაშაული, ოკუპაციის დანაშაული, გენოციდი (უმაღლესი დანაშაული - ultimate crime), სამხედრო დანაშაული და დანაშაული ადამინურობის წინააღმდეგ. ყველაფერი ეს მოხდა აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ და დღესაც გრძელდება იმავე ქართველების მიმართ გალში რასიზმის, აპარტეიდის, სეგრეგაციის, ეთნიკური ნიშნის იძულებითი შეცვლის - გარუსების პოლიტიკის სახით. აბა, რომელი ერთი მათგანი უნდა დავივიწყოთ, რომელი ერთი დავბლოკოთ, სად, ვის გაუკეთებია ეს და როდის?
ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა კანონებიც ხომ არ მივაყოლოთ, რომელიც ამ დანაშაულებს კანონით ადგენს და ზედ ეუთოს რეზოლულუციებიც აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდის შესახებ, რომელიც შინაარსობრივად, სწორედ გენოციდის კვალიფიკაციას წარმოადგენს? იგივეს უკრაინებლებს ხომ არ ურჩევს? რომ გვმოძღვრავს როგორც ძლიერებმა უნდა დავთმოთო, ვის წინაშე დავთმოთ - რუსეთის და ეს კაპიტულაციას არ ნიშნავს? დიახაც, ნიშნავს!
კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ იმ საზარელი დანაშაულის უტყუარ ფაქტებს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ენაზე ჰქვია კაცობრიობის სინდისისათვის შოკისმომგვრელი, რასთან გამიჯვნასაც ბ-ნი გვარამია გვათავაზობს და სწორედ იმისათვის რომ არ დავივიწყოთ და ვიმოქმედოთ, სტატიიდან სტატიაში გადაგვაქვს. არათუ სტატიები, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელი კამპანიაც გვაქვს დაწყებული - ,,ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რაც, სავარაუდოდ, აგრეთვე არ უნდა მოსწონდეს ჩვენს ოპონენტს. მას ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს ამის თაობაზე არც ადრე და არც ამჯერად.
მაშ, რა უნდა დავბლოკოთ თურმე მეხსიერებაში ბ-ნი გვარამიას ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებით: ოფიციალური მონაცემებით 6000-მდე ქართველი კოლუმბიური ჰალსტუხებით ყელგამოჭრილი, ღობის სარებზე დასმული, დანაწევრებული, გატყავებული, ცეცხლში ცოცხლად დამწვარი, ტანკის მუხლუხოებით გადასრესილი, მასობრივად ელექტრიბოძებზე ჩამოხრჩობილი, თავმოკვეთილი, გაუპატიურებული, საჯაროდ დახვრეტილი, გულამოჭრილი, ცულით აჩეხილი, ჭებში ცოცხლად ჩაყრილი და დახრჩობილი, ცხოველის ფუნით პირებამოვსებული და გაგუდული, მოკლული და ცხვირზე პრეზერვატივჩამოცმული, ხეზე მიბმული და ტრაქტორით გახლეჩილი, ნაწამები და მოკლული შვილის თვალებნაჭამი, ოჯახის წინაშე ნამუსახდილი ქალები და ბავშვები, მუცელგაფატრული ორსულები, გავარვარებულ ღუმელზე დასმული, მკერდმოჭრილი, თვალებდათხრილი და მოკლული ქალები, ნაწლავებამოყრილი, სკალპახდილი ადამიანები. ეს და კიდევ ვინ იცის ჩვენს მიმართ ჩადენილი რამდენი სხვა სისასტიკე და მხეცობაა პროკურატურაში მაუდქვეშ ამოდებული იმ 250-ტომიან საქმეში, სადაც მხილებულია 20 ორგანიზატორი და 800 შემსრულებელი და რომელთანაც თავის დროზე თავად ბ-ნ ნიკას, როგორც პროკურატურის მაღალჩინოსანს შემხებლობა უდავოდ ჰქონდა. ეს უნდა დავივიწყოთ? უღელტეხილზე ათიათასობით ქართველის უბედურებაზე საუბარი ,,ჩხიკინია“? ქართველების თავებით ფეხბურთის თამაში, ახალდაბელ ქალთა საკონცენტრაციო ბანაკი უნდა დავბლოკოთ ჩვენს მეხსიერებაში, ეს ვაპატიოთ რუსეთს და მის ადგილობრივ ხელქვეითებს?
ქადაგების მეორე კატასტროფული დებულებაც არ მგონია როყიოდ იყოს წამოსროლილი. თურმე უნდა განვაცხადოთ რომ ეს არის ქართველთა და აფხაზთა სახელმწიფო. მარტივი კითხვაა: ეს სახელმწიფო რატომ არ არის ჩვენი მოქალაქე აზერბაიჯანელების, სომხების, ებრაელების, უკრაინელების, ქურთების და ა.შ. ინტეგრალური ნაციონალიზმის, ანუ ერი-სახელმწიფოს გაგებით, ყველანი ხომ ქართველები ვართ, მათ შორის აფსუა ეთნოსის წარმომადგენლები და როგორ დავიჯერო, რომ ეს არ ესმის ასეთი დონის იურისტს? როგორ არ ესმის, მაგრამ მგონია, რომ ამ კონსტრუქციაში სხვა დანარჩენს ის მიათვლის ქართველთა ნაწილს. ამ დაზუსტებით, აფხაზეთისთვის ფედერაციის სუბიექტის ფართო უფლებამოსილებით აღჭურვა, რასაც ის აცხადებს, ნიშნავს სახელმწიფოს ორი თანაბარსუბიექტიანი ერთობით, სადაც საქართველო ენგურამდე იქნება, ხოლო ენგურს იქით კი აფხაზეთი. ზუსტად ასეთი იყო ჩეხოსლოვაკია, რომელსაც 1968 წლის კონსტიტუციური კანონით გახდა ფედერაცია (ჩეხურად stavní zákon o československé federaci) და გამოცხადებული იყო ორი მოძმე ხალხის, ჩეხებისა და სლოვაკების საერთო ფედერაციულ სახელმწიფოდ (1.1 მუხლი) ორმაგი მოქალაქეობით (მუხლი 5). შესაბამისად, აფხაზეთი საქართველო არ იქნება და დასაშლელად განწირულ ამ ორსუბიექტიან სახელმწიფოსაც სავარაუდოდ ბ-ნო გვარამია ახალ სახელს უმზადებს. სწორედ ამას ნიშნავს ეს განცხადება. ეს არა მარტო ანტიკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუციაში აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, არამედ უდიდესი მკრეხელობაა, დანაშაულია სწორედ იმ მომავალი თაობების წინაშე, რომელთა ბედზე ასე გულამოსკვნილად მოთქვამს რესპოდენტი. ეს ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა, რუსული აგრესიასა და ოკუპაციის მხვერპლთა, შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, რღვევა, აფხაზეთის საქართველოდან დამოუკიდებელ სუბიექტად გამოყოფის აღიარება, ნებსით თუ უნებლიედ გამოთქმული მტრის ოცნებაა და უაღრესად საშიშია სწორედ დღეს, სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში.
მარტო ჩვენ კი არ მოგვდგა, ბ-ნი ნიკა უკრაინასაც გადაწვდა და კიდევ ერთი საშინელი დებულება დააბრეხვა როგორც პარალელი აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივასთან. თურმე ნუ იტყვით და უკრაინის მოვლენები გვიჩვენებს, რომ ,,წარმატებული ომი ოქსიმორონი გახდა“. მას არ დაუკონკრეტებია ამ ომის რომელ მხარის მიზნებს მიიჩნევს სისულელედ და უგნურებად. თუმცა, ორივე შემთხვევაში ერთიმეორეზე უარეს რამ გამოსდის. თუ უკრაინელებს გულისხმობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი აზრით, სულ ფუჭია, არაფრისმომცემია უკრაინელების ბრძოლა და თავგანწირვა რუსი აგრესორის წინააღმდეგ. ის უკრაინელთა ბრძოლის უპერსპექტივობის მტკიცებით ოკუპანტის მხარესაა და რუსეთისვე საოცნებო მიზანს აჟღერებს - ამ ეტაპზე შეინარჩუნოს მიღწეული. ხოლო, თუ რუსეთის აგრესია და უკრაინის განადგურების გეგმა აქვს მხედველობაში, სადაც წარმატება მართლაც გამორიცხულია, ასეთი პარალელის გავლებით საქართველოს სახელმწიფო აფხაზეთში ადრე და სამომავლოდ ოკუპანტად, დამპყობლად გამოჰყავს როგორც რუსეთია უკრაინაში. ის აგრესიულ ომად გვიცხადებს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლო ძალისმიერ გზას, რომელიც ლეგიტიმურად გამოიყენა ხოვატიამ, ესპანეთმა, აზერბაიჯანმა, რასაც უკრაინა ასევე ლეგიტიმურად მიმართავს და საქართველოსაც შეუძლია ლეგიტიმურად გამოიყენოს დეოკუპაციის კვალობაზე. რუსეთთან ასეთი პარალელის გავლება სწორედ ამას ნიშნავს.
სხვა ბევრი მიუღებელი რამ აღნიშნა კიდევ რესპოდენტმა, არაფერი რომ არ ვთვათ უხეშ ფაქტობრივ შეცდომებზე, რომელტა ცალ-ცალკე აღნიშვნა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა საერთო სურათს ვერ შეცვლის და ვფიქრობ, საკმარისია იმის გასაგებად თუ რით დაგვმოძვრა ბ-ნმა გვარამიამ. ცხადია, რომ ის ,,ბოდიშისტების“ ამქარს უერთდება და ,,იარე ლიზას“ ფერხულში ჩაბმას აპირებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მამასახლისი საქართველოსა და რუსეთის მიმართ (MAMASAKHLISI AND OTHERS v. GEORGIA AND RUSSIA, 07/06/2023) ხაზგასმით აღნიშნა:
ვინაიდან აფხაზეთი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიხედვით არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, კონვენციის 1-ლი მუხლი საქართველოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას აღადგინოს კონტროლი აფხაზეთზე მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური, სამართლებრივი თუ სხვა საშუალებებით. სასამართლოს არ ევალება მიუთითოს ყველაზე შესაფერისი ზომებზე, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს ამ მიზნით ან არის თუ არა ეს ზომები საკმარისი. მან მხოლოდ უნდა დაადასტუროს კონკრეტული აქტებითა თუ ზომებით გამოხატული საქართველოს ნება აღადგინოს თავისი კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე (§§ 319, 399). გარდა ამისა, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა - არავითარი ხელშწყობა დე ფაქტო რეჟიმს, რომელთანაც ბ-ნი გვარამია აპირებს სტატუსის საკითხის განხილვას და ამით მის ლეგიტიმაციასაც.
რესპოდენტს თავის პოლიტიკურ განაცხადში არაფერი უთქვამს აფხაზეთში დევნილების დაბრუნებაზე. ესეც მეტად ნიშანდობლივი მგონია. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ჩვენთაგანს საფლავებს ენგურს გამოღმა გვიმზადებს.